ყვითელი ვერსია
  • 0
  • 1707

მედიააკადემია აგრძელებს მედიის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და ახალ პროექტებს იწყებს

16 ნოემბერი 2021

ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მედიააკადემია აგრძელებს მუშაობას და როგორც დამწყები, ისე მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის ახალ სასწავლო პროგრამებს, სემინარებსა და მასტერკლასებს გეგმავს.


მედიააკადემიის სრული დატვირთვით ამუშავება, რაც პანდემიის პროცესში დროებით შეჩერებული იყო, უახლოეს მომავალში აქტიურ ფაზაში შევა. მედიააკადემიის, მედიასკოლა, რომელიც გერმანული, კერძოდ ბავარიის მარეგულირებელი კომისიის, BLM-ის მოდელის მიხედვით შეიქმნა, პრაქტიკულ სწავლებას მალე დაიწყებს. გერმანული მოდელი სწორედ პრაქტიკული სწავლების მეთოდზეა აგებული, რომელიც უშუალოდ ნიუსრუმში, რეალურ სამუშაო გარემოში სწავლებას გულისხმობს, სადაც მედიასკოლის სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულების კვალიფიციური მენტორები ეყოლებათ გზამკვლევად.


ახალი სასწავლო პროგრამების დასაწყებად, მედიასკოლა აღიჭურვება უახლესი ტექნიკით და შეიქმნება მულტიფუნქციური რედაქცია, სადაც დამწყები ჟურნალისტები, ნებისმიერი პროფესიიდან, ხუთი თვის მანძილზე ისწავლიან როგორ იმუშაონ სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე, იქნება ეს ბეჭდური, რადიო, ტელე თუ ინტერნეტ მედია.


მედიასკოლა, რომელიც მედიააკადემიის ხერხემალი და ყველაზე მთავარი მიმართულებაა, ყოველწლიურად გეგმავს, პრაქტიკული უნარ-ჩვევების და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების მატარებელი ახალი თაობა მოამზადოს. მედიასკოლას, სხვა ჟურნალისტიკის ფაკულტეტებიდან სწორედ პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული მიდგომა გამოარჩევს. როგორც წესი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე, სტუდენტები ძირითადად თეორიულ ცოდნას იღებენ და მხოლოდ მედიაორგანიზაციაში დასაქმების შემდეგ ეძლევათ რეალურ გარემოში მუშაობის საშუალება, რაც ნაკლებადაა მათ განვითარებაზე ორიენტირებული. მედიასკოლაში კი სტუდენტებს პირველივე დღიდან ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულ გარემოში მიიღონ ცოდნა.


გლობალური პანდემიის პირობებსა და დეზინფორმაციულ ნიაღვარში, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია მულტიმედიური პლატფორმების ეფექტიანად მუშაობა. სწორედ მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარება მედიასკოლა მედიის წარმომადგენლებს.


მედიასკოლამ დაარსებიდან სხვადასხვა მიმართულებით უკვე 150-მდე მედიის წარმომადგენელი გადაამზადა. ორდღიანი ტრენინგები და სემინარები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ჟურნალისტებს დააფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა აღქმის და კომუნიკაციის ფსიქოლოგია, პროპაგანდის ხერხები და შინაარსის მანიპულაციის მექანიზმები, აუდიო და ვიზუალური თხრობა, მიუკერძოებლობის სტანდარტები, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული გამოცდილება და სხვა.

პანდემიის დროს, 2020 წელს, მედიააკადემიის ახალი პროექტი − ონლაინ მასტერკლასი დაიწყო. ქართულ მედიასივრცეში პირველმა ონლაინ მასტერკლასმა ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, უფასოდ მიეღოთ ცოდნა ყველაფერზე, რაც პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. მედიასკოლა აგრძელებს ონლაინ მასტერკლასზე მუშაობას და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ახალი, გამოცდილი ავტორების ონლაინ მასტერკლასებს შესთავაზებს.

აქტიურად მუშაობს მედიააკადემიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება -მედიალაბი. ეს არის ლაბორატორია სტარტაპერებისთვის, რომლებიც ცდილობენ ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნას მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური რეალობის და სხვა, მათთან დაკავშირებულ სფეროებში.

მედიალაბი არის ახალი და უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაშიც შეიქმნას სტარტაპების საინტერესო და სიცოცხლისუნარიანი ეკოსისტემა და დაინერგოს ახალი, ინოვაციური პროდუქტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამისათვის მედიალაბი სტარტაპერებს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს: სამუშაო სივრცეს, აქსელერაციის პროგრამას, ინკუბაციის პროგრამას და დახმარებას საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიებაში, ასევე, შეხვედრებს, ტრენინგებს, ვორკშოპებსა და კონკურსებს.


21-27 ნოემბერს უკვე მესამედ ჩატარდება სტარტაპების კონკურსი "იდეადრომი". ეს სწრაფი აქსელერაციის პროგრამაა, სადაც სტარტაპები არა მხოლოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ გადიან ტრენინგებს, მუშაობენ მენტორებთან და დგამენ პირველ ნაბიჯებს საკუთარი სტარტაპების განვითარებისთვის. ბოლო იდეადრომში მონაწილე სტარტაპების უმეტესობამ მოიპოვა დაფინანსება, შექმნა პროდუქტის პირველადი ვერსია და გაიმარჯვა სხვადასხვა კონკურსში.

ბოლო იდეადრომის მონაწილე გუნდებიდან: Side Mision-მა GITA-ს 15 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა პროდუქტის განვითარებისთვის. თამაშის პირველი ვერსია თითქმის დასრულებულია და მალე გაეშვება ბაზარზე; FeedbacKit-ი GITA-ს მიერ ორგანიზებული 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში პოლონეთში გაემგზავრა, საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად და ტრენინგების გასავლელად. სოციალურმა ქსელმა, Bubbler-მა, არიზონას შტატის უნივერსიტეტი დააინტერესა და პროდუქტი სატესტო რეჟიმში სწორედ იქ გაუშვა. დამატებით, პროექტმა GITA-ს 15 000 ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა.

გარდა ამისა, მედიალაბი მუდმივად ქმნის საგანმანათლებლო და საინფორმაციო სტატიებს თავისი აუდიტორიისათვის. მედიალაბის ამოცანაა, გაავრცელოს და განავითაროს სტარტაპ განათლება, დააინტერესოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მიაწოდოს მათ ინფორმაცია მსოფლიოში გავრცელებული მიდგომების, შესაძლებლობებისა და სიახლეების შესახებ. ამ დრომდე, მედიალაბის ვებგვერდზე, დაახლოებით 120 ასეთი სტატია გამოქვეყნდა, რაც 100,000-ზე მეტმა ვიზიტორმა ნახა, მედიალაბის პოსტებს კი სოციალურ ქსელში 10 მილიონამდე ნახვა აქვს. მიმდინარე პროექტების პარალელურად, სულ მალე ამუშავდება მედიალაბის აქსელერაციის ონლაინ პროგრამა, რაც უფრო მეტ დამწყებ სტარტაპს მისცემს საშუალებას, მიიღოს სტარტაპგანათლება და შეიძინოს ახალი უნარები.

აქტიურად აგრძელებს მუშაობას მედიააკადემიის ვებპლატფორმა, www.mediacritic.ge რომელსაც, დაარსების დღიდან, მილიონზე მეტი მკითხველი უკვე ჰყავდა. Mediacritic.ge არის პლატფორმა, რომელიც საზოგადოებასა და მედიას შორის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ითავსებს. „მედიაკრიტიკის“ მიზანი, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა.

“მედიაკრიტიკის” მიმართულების განვითარების მიზნით, მედიააკადემიამ პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავა საკუთარი სარედაქციო კოდექსი: ინფორმაციის სიზუსტე; მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება; საზოგადოებრივი ინტერესი და ანგარიშვალდებულება; ფაქტების და შეფასებების გამიჯვნა; ბალანსი; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; სარედაქციო დამოუკიდებლობა; ნდობა, ეს ის ფუნდამენტური პრინციპებია, რომელსაც მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი ეფუძნება.
თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, მედიაკრიტიკა, იმისთვის, რომ მუდმივად განვითარდეს და საზოგადოების მოთხოვნებს კიდევ უფრო ადეკვატურად უპასუხოს, გეგმავს, უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და აქტუალური ბლოგები, რეცენზიები და რეპლიკები შესთავაზოს საზოგადოებას. მედიაკრიტიკის მიზანია, კიდევ უფრო მეტ გარე ავტორთან ითანამშრომლოს, რათა უფრო კრიტიკული, მრავალფეროვანი და საინტერესო მოსაზრებები შესთავაზოს მკითხველებს.

ამასთან, მედიაკრიტიკა, უმთავრესად, საგანმანათლებლო რესურსი უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის. ამისათვის საჭიროა, რომ რეპლიკები, რეცენზიები და ბლოგები იწერებოდეს როგორც სტანდარტების დარღვევებსა და ზოგად, პრობლემურ მედიატენდენციებზე (პროპაგანდისტულ ნარატივებზე, პოლიტიკურ მანიპულაციებზე და ასე შემდეგ) ასევე, კარგი ჟურნალისტიკის მაგალითებზე. რატომ იყო ესა თუ ის სტატია, სიუჟეტი, გადაცემა თუ ინტერვიუ კარგი და გამორჩეული? რა გააკეთა სწორად წამყვანმა თუ სიუჟეტის ავტორმა? დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ჩვენი მედიის ყველაზე მძიმე პრობლემაა, მაგრამ არანაკლებ პრობლემურია მიკერძოებული საინფორმაციო პოლიტიკა, არასრული და ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია, ან საერთოდ, ინფორმაციის დამალვა, მანიპულირება ან არ გაშუქება, ფაქტისა და კომენტარის აღრევა საინფორმაციო გამოშვებებში, მხარეების არდამოწმება, პირადი სივრცის დარღვევა და ასე შემდეგ. მედიაკრიტიკა ყველა ამ გამოწვევას უნდა პასუხობდეს და ამ მიმართულებით წინ დიდი სამუშაოა, მხოლოდ ასე შეიძლება კრიტიკის პლატფორმა იყოს მუდმივად სასარგებლო და ხელი შეუწყოს მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და განვითარებას.

  • 0
  • 1707
0 Comments