ყვითელი ვერსია
  • 0
  • 5559

მედიააკადემიამ BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერის ნათია აბრამიას მასტერკლასი დაიწყო

19 დეკემბერი 2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია „მასტერკლასს“ ნათია აბრამიას ონლაინ ლექციებით აგრძელებს და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ მაყურებელს 6 ვიდეო ლექციას სთავაზობს. ნათია აბრამია, რომელიც ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცვლილებების მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერია, მაყურებელს BBC-ში 16-წლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს. მისი ონლაინ ლექციებით დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ მართონ მედიაპროექტები და კრეატიული გუნდები შეზღუდული რესურსებით ისე, რომ მუდმივად გააუმჯობესონ ხარისხი და დაზოგონ დრო.

უკვე დღეიდან ნათია აბრამიას მასტერკლასის სალექციო კურსი მედიააკადემიის იუთუბ არხზეა ხელმისაწვდომი. ონლაინ ლექციები განკუთვნილია როგორც მენეჯერების, ასევე პროდიუსერებისთვის. ავტორი მსმენელებს გაუზიარებს ყველა იმ თანამედროვე მეთოდს, რომელიც დღეს მსოფლიოს წამყვან მედია ორგანიზაციებში მართვის პროცესის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

მედიააკადემია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს უკვე ორ წელზე მეტია სრულიად უფასოდ, ონლაინ მასტერკლასით აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. მასტერკლასის პირველი და მეორე ციკლი 6 ავტორის, ჟურნალისტის ეკა ბერიძის, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილის, ჟურნალისტის თამთა სანიკიძის, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილის, ასევე ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილის, მედია მენეჯერის გიორგი ხაბურზანიასა და ჟურნალისტის მაკა ანთიძის ონლაინ ლექციებს მოიცავს.

მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა ონლაინ ლექციებზე - ეს არის მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა, რომლის მოსმენა და ყურება ნებისმიერ დროსა და ადგილასაა შესაძლებელი.

მასტერკლასის ონლაინ ლექციებს დაწყების დღიდან ჯამურად მილიონ სამასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

  • 0
  • 5559
0 Comments